ქართველი გმირი

    როცა სიტყვა გმირს გავიგებთ, ეგრევე ჩვენთვის იგი ასოცირდება საბრძოლო მოქმედებებთან, თუმცა ადამიანის, რომელსაც ამ სტატიაში ვახსენებთ, საქმიანობა ნამდვილად იმსახურებს იმ საპატიო ჯილდოს ტარებას, რომელსაც გმირობა ქვია.

მიხეილ მურვანიშვილი დაიბადა 1875 წლის 18 მაისს დაბა სურამში.

    1893 წელს დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი და იმავე წელს დაინიშნა მარტყოფის სატყეო მეურნეობის უფროსის თანაშემწედ. ახალგაზრდა მეტყევე აქტიურად მონაწილეობდა სოფლის ცხოვრებაში. მარტყოფსა და საგარეჯოში ჩასვლისთანავე სამკითხველო დააფუძნა. ”ივერიაშიგამოაქვეყნა წერილი, რომლითაც დაასაბუთა, რომ რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანება, სანადელო ტყეები გაჩეხვის ნების დართვის შესახებ, უაღრესად მავნე განკარგულება იყო და ხელს უწყობდა საქართველოს ბუნების განადგურებას. მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მურვანიშვილი საგარეჯოს მოაშორეს და ლორეს სატყეო მეურნეობაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მიხეილის დასაცავად თავად ილია ჭავჭავაძე გამოვიდარომელმაც 1897 წელსივერიისფურცლებზე  წერილიც გამოაქვეყნა: "... ნეტავ რა ავ-ენამ დააშორა ამ სოფელს ეს სასარგებლო და ხალხის გულშემატკივარი კაცი?” და რის შედეგადაც მურვანიშვილი ყვარლის სატყეო მეურნეობაში გადაიყვანეს. მიხეილი  სოფელ გავაზში დაბინავდა, სადაც გარდა ტყის დავის საქმეების გაძღოლისა, გახსნა ორი სასოფლო დაწყებითი სკოლა, სამკითხველო-ბიბლიოთეკა და ააშენა ქვითკირის შენობა, სადაც იმართებოდა წარმოდგენები. მიხეილი მშობლიურ სურამსაც არ ივიწყებდა, 1896 წელს მან სურამშიც დააარსა სამკითხველო.

   1903 წლიდან მურვანიშვილი დაინიშნა აბასთუმნის სატყეო მეურნეობის უფროსის თანაშემწედ, ხოლო 1907 წელს ბაკურიანში გადაიყვანეს. მიხეილი ცხოვრობდა სოფელ თორში, სადაც მისი თაოსნობით დაიწყო წყალსადენის გაყვანა, სკოლისა და საურმე გზების მშენებლობა. თორიდან ბორჯომამდე 14 კმ-იან მანძილს დღემდემურვანიშვილის გზასუწოდებენ.

   1909 წლიდან მიხეილ მურვანიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი, ხოლო 1910 წლიდან ამავე განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი.     

  1910 წელს მიხეილი წაღვერის სატყეომეურნეობის უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე  რვა წელი იმუშავა. წაღვერში ააგო ქვითკირის ორი შენობა - სკოლისთვის და მასწავლებელთა ბინისათვის. შემოიკრიბა იქაური ახალგაზრდობა და დაიწყო წარმოდგენების გამართვა. შემოსული თანხით ააგო თეატრის შენობა, მოაწყო სამკითხველო და სპორტული მოედანი, გამოიყვანა სასმელი წყალი, აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები, ააშენა ტყე-პარკი დამსვენებელთათვის. სწორედ მისი თაოსნობით გამოიყო წაღვერის საუკეთესო კუთხე - კეჩხობი, სადაც გაშენდა ტყე და დაიგეგმა აგარაკების მშენებლობა. მან ნახანძრალ ადგილზე - გვირგვინას უბანზე, საყდრის ღელეზე,  455 ჰექტარ ფართობზე გააშენა ფიჭვის ტყე.

   1913 წელს მურვანიშვილი დაუკავშირდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას წინადადებით, რათა დაეწყოთ გათხრები წაღვერში, უზნარიანის ციხის მიდამოებში, სადაც ერთი თვის განმავლობაში  აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული.

   1918 წლიდან მიხეილი სურამის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა, მაგრამ მალევე ბორჯომში გადაიყვანეს. მისი თავდაუზოგავი შრომით გადარჩენილი იქნა ბორჯომის უნიკალური ტყეთა მასივი, რომელიც მრავალი მეწარმის ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა.

   1924 წელს მიხეილმა დააარსა საბჭოთა კავშირში პირველი თესლის საშრობი ქარხანა. აქ მზადდებოდა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირის ქალაქებში, არამედ ევროპაშიც. მანვე მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში, გააშენა ტყეთა მასივი მცხეთაში და კასპში.

    1934 წლის დეკემბრიდან მიხეილ მურვანიშვილი სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორია, სადაც ჯერ სანერგე, ხოლო მოგვიანებით 131 ჰექტარზე (ბაინათხევის და კვირაცხოვლის სერებზე) გააშენა უნიკალური ჯიშის ფიჭვი. მურვანიშვილთან მეგობრობდნენ საზოგადო მოღვაწეები: იოსებ გრიშაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, არჩილ ჯორჯაძე, აკაკი ფაღავა, მარიჯანი, ზაქარია ფალიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები. მისი წერილები იბეჭდებოდაივერიის”, ”ცნობის ფურცელის”, ”დროებისდა სხვა ჟურნალგაზეთების ფურცლებზე, წერდა მოთხრობებსაც.

   მე–20 საუკუნის 40-იანი წლებიდან მიხეილ მურვანიშვილი პენსიაზე გავიდა. პატივისცემის ნიშნად ხელისუფლებამ დააწესა მისი სახელობის მედალი მეტყევეებისათვის და დაენიშნა პერსონალური პენსია.

    მიხეილ მურვანიშვილი გარდაიცვალა 1959 წელს და დაკრძალულია დაბა სურამში, მის მიერვე გაშენებული ბაიანთხევის ტყის შესასვლელში.








 

Комментариев нет:

Отправить комментарий

მთავარი გვერდი

  დღეს, როცა ადამიანი ბუნებრივ რესურსებს (მათ შორის ტყეს) უმოწყალოდ ანადგურებს და მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებით შემოიფარგლება, იშვიათ...